ნავთობის ოპერაციები

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების დარგში მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი. კანონით დაკისრებულ ფუნქციებში შედის საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების საოპერაციო და კომერციული პარტნიორობა, მათ მიერ ოპერაციების დაგეგმვისა და სამუშაოების წარმოების ზედამხედველობა, სახელმწიფოს წილი ნავთობისა და გაზის მიღება და განკარგვა, ნავთობისა და გაზის ჭაბურღილებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ფლობა და სახელმწიფოს დავალებისამებრ მართვა და სხვა. გარდა ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებისა, კორპორაცია თავად მოქმედებს როგორც ოპერატორი კომპანია გარკვეულ სალიცენზიო ფართობებზე, აწარმოებს ნავთობისა და გაზის მოპოვებას, პირველად მომზადებას, შენახვას და რეალიზაციას.

ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა-ძიებისა და მოპოვების ამჟამინდელ, მეცნიერულ მეთოდებს და ტექნოლოგიებს საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საფუძველი დაედო XIX საუკუნის მეორე ნახევარში. საქართველოში დარგის განვითარება უკავშირდება ნავთობის ეროვნულ კომპანია ,,საქნავთობს”, რომელმაც 1929 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება და რომლის უფლებამონაცვლეც არის ამჟამად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. გასული საუკუნის 70-ან და 80-იან წლებში თბილისის შემოგარენში აღმოჩენილმა, მაღალი მახასიათებლების მქონე საბადოებმა (სამგორი-პატარძეული-ნინოწმინდა, თელეთი, სამგორის სამხრეთი თაღი)ნავთობის წლიური მოპოვება მკვეთრად გაზარდა და 1980-1983 წლებში წლიურად 3 მლნ. ტ-ს გადააჭარბა.

დღეისათვის საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე აღმოჩენილია და დამუშავებაში იმყოფება ნავთობის - 15 და გაზ-კონდენსატის 1 საბადო. ჯამურად ამ საბადოებიდან მოპოვებულია 28 მლნ. ტონაზე მეტი ნავთობი და 3 მლრდ მ3-ზე მეტი გაზი.
საქართველოს შელფური და სახმელეთო ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ფართობებად (ე.წ. ბლოკებად).

ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს ასრულებენ საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული ინვესტორი კომპანიები სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების საფუძველზე. უშუალოდ სამუშაოებს ასრულებენ საქართველოში შექმნილი საოპერაციო კომპანიები.

დღეისათვის საქართველოს სახელმწიფოსა და ინვესტორ კომპანიებს შორის გაფორმებულია 24 ხელშეკრულება, რომელთა ფარგლებშიც ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გარდა მოქმედებს 7 ნავთობკომპანია: “ნორიოს საოპერაციო კომპანია“; „ბლოკ ოფერეითინგ კომპანი“; ,,ქურა ბეისინ ოფერეითინგ კომპანი“; „ენ-ვი-პი ჯორჯია“; „ვესტ გალფ პეტროლიუმ ინჯინერინგ“; „ჯორჯია ქოალიშენ ენერჯი ლიმითედ“; „ოუ -ემ -ვი პეტრომი“.

ნავთობის მოპოვება


კორპორაციას „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე მინიჭებული აქვს „ნავთობის ეროვნული კომპანიის“ („ნეკ“) სტატუსი და ის ახორციელებს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ ფუნქციებს, რაც გულისხმობს სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ხელშეკრულებების მომზადება-მოლაპარაკებებში მონაწილეობას და მის პარაფირებას; ხელშეკრულებებში საქართველოს მხრიდან კომერციული პარტნიორის სახით მოქმედებას; სამთო სამუშაოების გეგმებისა და წიაღის ათვისების ტექნოლოგიური სქემების სახელმწიფო ექსპერტიზას; მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს წილის განკარგვას; ხელშეკრულების მართვისათვის ინვესტორთან ერთობლივი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას; ხელშეკრულებებში სახელმწიფო მხარის საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების განხორციელებას; სახელმწიფოს მიერ დავალებული სხვა დარგობრივი ფუნქციების განხორციელებას, მათ შორის არალიცენზირებულ ფართობზე არსებული ჭაბურღილების სახელმწიფოს სახელით მოვლა-პატრონობას და სხვა ნავობოპერაციებს.

კორპორაცია წარმოადგენს დარგობრივი სახელმწიფო ქონების (ჭაბურღილები, სპეც-ტექნიკა, სარკინიგზო ჩიხი, ნავთობშემგროვებელი სისტემა, სასაწყობე მეურნეობა და სხვ.) მესაკუთრეს და გადასცემს მას ლიცენზიის მფლობელ შესაბამის ინვესტორებს დროებით სარგებლობაში, რომლებიც იყენებენ აღნიშნულ ტექნიკას ნავთობთან დაკავშირებულ ოპერაციებში.

გარდა „ნეკ“-ის ფუნქციების განხორციელებისა, კორპორაცია აწარმოებს დარგობრივ ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ მას გააჩნია ნავთობის პირველადი დამუშავების საწარმო 50 ათასი ტონა სარეზერვუარო პარკით, სადაც ხდება მომსახურების გაწევა მოპოვებული ნედლი ნავთობის მომზადებაზე სასაქონლო მდგომარეობამდე და მისი შენახვა რეალიზაციამდე.

აგრეთვე, კორპორაციას გააჩნია ნავთობის მოპოვების ლიცენზია და სალიცენზიო ფართობზე თავად აწარმოებს ნავთობის მოპოვებას.


 

ნავთობის ტრანსპორტირება


საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება ხორციელდება ორი ნავთობსადენით - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP).

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს აზერბაიჯანში აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოზე მოპოვებული ნავთობი თურქეთში, ჯეიჰანის პორტში გადააქვს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მსოფლიოში სიგრძით მეორე მილსადენია. მისი სიგრძეა 1768 კმ; აქედან 229 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. მილსადენს აქვს 8 სატუმბი სადგური, მათ შორის ორი საქართველოში.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 2005 წლიდან ხორციელდება.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სახელითაა ცნობილი, საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმის მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი ინვესტიციაა და 1999 წლიდან ფუნქციონირებს.

დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, ხოლო დიამეტრი - 530 მმ. მისი საშუალებით აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირება ხორციელდება.

მილსადენის მშენებლობის ფარგლებში ასევე მოხდა სუფსის ტერმინალის მშენებლობა. სუფსის ტერმინალის ტევადობა 120 ათასი ტონაა.

WREP-ის მეშვეობით სანგაჩალის ტერმინალიდან ნავთობი 1998 წლის დეკემბერში გამოუშვეს, 1999 წლის ზაფხულში კი სუფსის ტერმინალში პირველი ტანკერი დაიტვირთა.


 

ნავთობი