ბუნებრივი გაზი

ბუნებრივი გაზის იმპორტი კორპორაციის ძირითად ბიზნეს–საქმიანობას წარმოადგენს. წლიდან წლამდე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფს ქვეყნის საერთო ბაზრის ნახევარზე მეტს. გაზი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე იაფი, მოხმარებისთვის მარტივი და ეკოლოგიურად ყველაზე ნაკლებად მავნე წიაღისეული რესურსია.

ბუნებრივი გაზის იმპორტი და შემდგომი საბითუმო რეალიზაცია ძირითადად ე.წ. სოციალური მომხმარებლებისთვის (ელექტრო გენერაციის ობიექტები და მოსახლეობა) ხორციელდება. სოციალური სექტორის გაზით მომარაგება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უმთავრესი ამოცანაა.

ბუნებრივი გაზის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფისთვის კორპორაციას გაფორმებული აქვს გრძელვადიანი ხელშეკრულებები მომწოდებლებთან. დივერსიფიცირებული იმპორტი და გაზის ნაკადების ბალანსირებული მართვა კორპორაციის წარმატებული საქმიანობის და მდგრადი განვითარების საფუძველია.

გაზის იმპორტი/მიწოდება


ბუნებრივი გაზის წილი ენერგეტიკული რესურსების ჯამურ მიწოდებაში დაახლოებით 40%-ს შეადგენს. გაზი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი პირველადი ენერგეტიკული რესურსია საქართველოში. 

ბუნებრივი გაზის სექტორი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სეგმენტია.

ადგილობრივი გაზის მოპოვება ძალიან მცირეა (ჯამური წლიური მოხმარების 0,5%-ზე ნაკლები), შესაბამისად საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ გაზზე ძირითადად იმპორტით არის დაბალანსებული. დღეისათვის გაზის იმპორტი ხორციელდება ორი უცხოური წყაროდან რამდენიმე დამოუკიდებელი კონტრაქტის საფუძველზე.

კორპორაციის მიერ ხორციელდება ბუნებრივი გაზის იმპორტი მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე და შემდგომ ხდება ბუნებრივი გაზის საბითუმო მიწოდება გამანაწილებელ კომპანიებზე. გამანაწილებელი კომპანიები თავის მხრივ აწვდიან ბუნებრივ გაზს ე.წ. სოციალურ სექტორსა და კომერციულ მომხმარებელს.

 

გაზის ტრანსპორტირება

საქართველოში გაზის ტრანზიტი ხორციელდება ორი გაზსადენით - სამხრეთ-კავკასიური (SCP) და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენებით (NSGP). 

სამხრეთ-კავკასიური მაგისტრალური გაზსადენით, რომელიც ცნობილია როგორც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ხდება შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით. გაზსადენის სიგრძე 692 კმ, საქართველოს მონაკვეთის სიგრძე კი - 249 კმ-ია. მილსადენის საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 20 მილიარდი კუბური მეტრია. SCP უმეტესწილად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პარალელურად არის გაყვანილი. 

ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით ხორციელდება რუსული გაზის ტრანზიტი სომხეთში. NSGP-ს საქართველოს მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 234 კმ-ს და მისი საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში 12 მილიარდი კუბური მეტრია. 

ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო სისტემის ოპერირებას საქართველოში ახორციელებს შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია (სგტკ), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ საწარმოს და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს. სგტკ-მ შესაბამისი ლიცენზია მოიპოვა 2009 წელს და აღნიშნული პერიოდიდან ახორციელებს გაზის ტრანსპორტირებას საქართველოს ტერიტორიაზე.

კორპორაციის ბალანსზე არსებული ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა გადაცემულია სგტკ-ზე კორპორაციასა და ამ უკანასკნელს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში.

ბუნებრივი გაზი