საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს რეკომენდაციითა და მხარდაჭერით გამოიცა ნაშრომი „ნავთობისა და გაზის მოპოვება, გადამუშავება და ტრანსპორტირება“

15 ნოემბერი, 2021
ნაშრომში მოცემულია ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან, გადამუშავებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროცესების, მოწყობილობებისა და სისტემების ძირითადი საცნობარო მასალები. მასში შედარებით ვრცლად არის განხილული ნავთობ- და გაზსადენების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხები, რაც განპირობებულია საქართველოს, როგორც რეგიონის წამყვანი სატრანზიტო ქვეყნის, პოზიციონირებით საერთაშორისო ნავთობ-გაზის ინდუსტრიაში და, შესაბამისად, აღნიშნული საკითხებით ადგილობრივი მკითხველის დაინტერესებით. გარდა ამისა, მსგავსი შინაარსიის ქართულ- და უცხოენოვანი გამოცემებისაგან განსხვავებით, ნაშრომში განსაკუთრებული ადგილი აქვთ დათმობილი გათხევადებულ და კომპრესიულ გაზსა და წყალბადს, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ მომავალ, უნახშირბადო ენერგეტიკაზე გადასვლის გარდამავალ პროცესში.

ნაშრომი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ზოგადი საფუძვლების გაცნობით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრის, აგრეთვე, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, რომლებიც შეისწავლიან ენერგეტიკის მენეჯმენტის საკითხებს, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო. ნაშრომში მოცემული მასალების გამოყენება შეუძლიათ ენერგეტიკულ სექტორში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, აგრეთვე, რეგიონული ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ელემენტარული საბაზისო ინფორმაციის გასაცნობად.
საცნობარო მასალები, ძირითადად, საორიენტაციო ხასიათისაა და არ არის განკუთვნილი ზუსტი პროგნოზირების, დაგეგმვისა ან დაპროექტების მიზნებისათვის.

ცნობარს დართული აქვს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო ბიზნესში გამოყენებული შერჩევითი ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი, აგრეთვე, განზომილებათა ერთეულები სხვადასხვა სისტემების მიხედვით და გადამყვანი კოეფიციენტები.

დამატებითი ინფორმაციისა და/ან გამოცემის ელექტრონული ვერსიის მიღებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ავტორს.
(ავტორი: ტმდ., პროფ. თეიმურაზ გოჩიტაშვილი).

ელ. ფოსტა: public@gogc.ge