საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ბატონი გია ჭანტურიას გარდაცვალების გამო
ბატონი გია ჭანტურია იყო საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პირველი პრეზიდენტი, რომელიც კომპანიას სათავეში ჩაუდგა 1995 წელს. განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსი და დასაფასებელია ის შრომა და ღვაწლი, რაც გია ჭანტურიამ გასწია ჩვენი ქვეყნისთვის მეტად რთულ პერიოდში ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით მოხდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პარტნიორ ქვეყნებთან და ნავთობკომპანიებთან თანამშრომლობით წარმატებით დასრულება, ამ პროექტების განხორციელების მხარდასაჭერად ქვეყანაში სპეციალური საკანონმდებლო რეჟიმის შემუშავება და აღნიშნული მილსადენების პროექტების მშენებლობა.
გია ჭანტურია გამორჩეული ადამიანი იყო მისი პიროვნული თვისებებით, პრინციპულობით, მიზანდასახულობითა და პატრიოტიზმით.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სამძიმარს უცხადებს გია ჭანტურიას ოჯახს და ახლობლებს.