რომეო მიქაუტაძე და გიორგი ჩიქოვანი, ბაქოში, საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმს დაესწრნენ
02 ივნისი, 2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორთან, გიორგი ჩიქოვანთან ერთად, სპეციალური მიწვევით, ბაქოში გამართულ საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმს დაესწრო.
ენერგეტიკის კვირეული, რომელიც ბაქოში ყოველწლიურად იმართება, სამ პრესტიჟულ ღონისძიებას აერთიანებს: საერთაშორისო გამოფენას სახელწოდებით „კასპიის ნავთობი და გაზი“, ენერგეტიკისა და მწვანე ენერგიის საერთაშორისო გამოფენასა და ბაქოს 28-ე ენერგეტიკულ ფორუმს. კვირეულმა 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გასტანა და მასში 37 ქვეყნიდან 326 კომპანია მონაწილეობდა.
ფორუმზე პანელური სესიები მიეძღვნა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა გაზის სექტორის ახალი სტრუქტურა; ახალი ენერგეტიკული წესრიგი გარდამავალ პერიოდში; განვითარების სცენარები ახალი გლობალური ენერგეტიკული წესრიგისთვის; საძიებო და წარმოების შესაძლებლობები კასპიის ტექნოლოგიური ინოვაციები ენერგეტიკის სექტორში; მწვანე წყალბადი და ნულოვანი გამონაბოლქვი და ა.შ.
ფორუმის ფარგლებში რომეო მიქაუტაძემ და გიორგი ჩიქოვანმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო კომპანიის SOCAR პრეზიდენტთან როვშან ნაჯაფთან. შეხვედრაზე SOCAR-თან არსებული მრავალწლიანი, წარმატებული პარტნიორობა განიხილეს და სამომავლო ნაბიჯებსაც შეეხნენ. სასაუბრო თემებს შორის ასევე იყო არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად ხორციელდება. მიმდინარე წლისთვის კი SOCAR-ის პრეზიდენტის საქართველოში სამუშაო ვიზიტიც დაიგეგმა.
ბაქოს ენერგეტიკის კვირეულის ოფიციალურად მხარდამჭერები აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო და სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR არიან.