საქართველოში ყველაზე დიდი თბოსადგურის მშენებლობისთვის წინადადებების წარმოდგენაზე მოწვევა ცხადდება
ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაზრდის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მაღალეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის, რომელიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ განიხილება, წინადადებების წარმოდგენაზე მოწვევა ცხადდება.
თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განხორციელდება საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) ფორმატში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული პროცედურის შედეგად გამოვლინდება კერძო ინვესტორი, რომელიც შეასრულებს მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, თბოსადგურის შემდგომში ოპერირებით.
ინვესტორზე შესაბამისი პირობებით გასხვისდება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილი 100%-იანი წილი გარდაბნის თბოსადგურ 3-ში, რომლის ღირებულება 2 450 000 აშშ დოლარს შეადგენს. თბოსადგური, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან წარმოდგენილი და ენერგოსისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე შექმნილი მოთხოვნების (მოქნილი ოპერირების უნარი და სხვა) დაცვით აშენდება. პროექტის განხორციელების (მ.შ - მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება) ვადად კი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს, 4 წელი განისაზღვრება.
მოგეხსენებათ, ინვესტორის შესარჩევად წინადადებების წარმოდგენაზე მოწვევის გამოცხადება, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, მიმდინარე წლის 29 მაისს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დაევალა. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს გარდაბნის თბოსადგური 3-ისა და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.
სხვა ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, ახალი თბოელექტროსადგურის უწყვეტი და საიმედო მუშაობისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი აუცილებელი პირობები: გაზის ტურბინის მწარმოებელი ფირმა იყოს General Electrics, Siemens ან Ansaldo Energia, კრიტიკული აღჭურვილობის ჭარბი რაოდენობა (redundancy); წმინდა ეფექტურობის (net efficiency) მინიმალური მაჩვენებელი - არანაკლებ 56%; სადგურის თითოეული შემადგენელი ნაწილი და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი; ოპერირება, ექსპლუატაციის პერიოდის მანძილზე, უნდა განხორციელდეს გამოცდილი კომპანიის ან/და პროფესიონალი თანამშრომლების მიერ და ა.შ.
უკვე განსაზღვრულია კრიტერიუმებიც, რომლითაც შემოსული წინადადებები შეფასდება: კომისიის მიერ, პირველ რიგში, 1 მგვტ-ის მშენებლობაზე უმცირესი ფასის მქონე შემოთავაზება გამოვლინდება, ხოლო შემდეგ უკვე მისი შესაბამისობა თუ შეუსაბამობა წინადადებებზე მოწვევის დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. კომისია გამარჯვებულს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოავლენს, თუ შემოთავაზება ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უმცირესი ფასის მქონე მომდევნო წინადადება განიხილება. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საქართველოს მთავრობისგან უნდა მოიპოვოს შესაბამისი უფლება რის შემდეგაც გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება.
ელექტრონული აუქციონი ღიად ჩატარდება და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება. ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვებ-გვერდებზე განთავსდება.
რაც შეეხება ვადებს, პროცედურის პერიოდი ორი თვით განისაზღვრება (2023 წლის 30 ივნისიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე), ხოლო წინადადებები 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 საათამდე მიიღება. მონაწილეებს მხოლოდ ერთი წინადადების წარმოდგენის უფლება აქვთ.