ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტის განსაახლებლად ბაზრის კვლევა გამოცხადდა

25 ივლისი, 2024

ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტის განახლების, ოპტიმიზაციისა და მოდერნიზაციის მიზნით, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების დასადგენად, ბაზრის კვლევა დაიწყო.

ობიექტს, ქვეყნისა და მისი ენერგეტიკული სტაბილურობისთვის, მნიშვნელოვანი როლი გააჩნია, ვინაიდან აქ ინვესტორებისა და კორპორაციის მიერ მიმდებარე საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი საწყობდება, მუშავდება და სარეალიზაციოდ მზადდება.


იგი გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და მას შემდეგ კაპიტალური რეაბილიტაცია არ ჩატარებია. დროთა განმავლობაში ინფრასტრუქტურა მოძველდა, მილსადენები დაზიანდა და გამართულ ფუნქციონირებას საფრთხე დაემუქრა.


ობიექტი აერთიანებს, ჯამში, 50 ათასი კუბური მეტრის მოცულობის მქონე რეზერვუარებს, ღუმელებსა და სატუმბ სადგურებს, რომლებიც დადგენილ სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებენ. შექმნილმა მდგომარეობამ მისი რეაბილიტაციის აუცილებლობა წარმოშვა, რაც თითოეული ინფრასტრუქტურული ნაწილის კაპიტალურ განახლებას ითვალისწინებს.


ამ ეტაპისთვის, ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტი 15 ჰექტარს იკავებს. მოდერნიზაციის ფარგლებში შემცირდება ათვისებული ტერიტორიაც და ინფრასტრუქტურა უფრო კომპაქტურად განლაგდება, რაც, ერთის მხრივ, მეტად მოერგება მის ამჟამინდელ საჭიროებებს და მეორეს მხრივ, დაზოგავს ხარჯებს.


მოდერნიზაციის აუცილებლობაზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა ობიექტზე სტუმრობის დროსაც ისაუბრა, როდესაც იქ დასაქმებული ადამიანებისგან უშუალოდ მოისმინა ყველა ის ნიუანსი, რაც მისი გამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია. შეფასდა და აღირიცხა რეაბილიტაციის პროცესში გასათვალისწინებელი ყველა დეტალი.


ბაზრის კვლევა, განსაზღვრული პირობების მიხედვით, პოტენციური შემსრულებლების გამოვლენას და მათი მხრიდან, წინასწარი საფასურის შემოთავაზებას ემსახურება. ამ ყველაფრის შემდეგ კი, დადგენილი ფასის შესაბამისად, ტენდერი გამოცხადდება.


შემოთავაზებები, 2024 წლის 23 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა იყოს წარმოდგენილი ელექტრონულ მისამართზე: procurement@gogc.ge