მაგისტრალური გაზსადენის ,,წითელი ხიდი-გარდაბნის’’ მონაკვეთს კომპანია „კომფორტმშენ XXI“ ააშენებს
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის ,,წითელი ხიდი-გარდაბნის’’ 700მმ დიამეტრის და 19კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობის შესყიდვაზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ 2016 წლის 15 აპრილს გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულად ქართული კომპანია „კომფორტმშენ XXI“ გამოვლინდა.
ტენდერში მონაწილეობის მიიღო ოთხმა კომპანიამ: „საქმილსადენმშენი“, სს “პიი სიტ ნეფტეგაზსტროიიზოლაცია“-ს ფილიალი, „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენი“ და „კომფორტმშენ XXI“.
კომპანიებს შორის ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამოვლენილმა გამარჯვებულმა კომპანიამ კონტრაქტის ხელმოწერიდან 210 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს სამუშაოს სრულად შესრულება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 3 698 927 ლარს დღგ-ს გარეშე.
„წითელი ხიდი-გარდაბნის“ პროექტის განხორციელებით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მთლიანად დაასრულებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-საგურამოს“ 90 კმ სიგრძისა და 700მმ დიამეტრის ახალი მონაკვეთების მშენებლობას. აღნიშნული მონაკვეთები ჩაანაცვლებენ არსებულ კოროზირებულ და სხვაგვარად დაზიანებულ მაგისტრალურ გაზსადენებს, რომელთაგან ზოგიერთი 1959 წელს იქნა ექსპლოატაციაში შეყვანილი.
ზემოაღნიშნული პროექტის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ფუნქციონირების საიმედოობას და უზრუნველყოფს აზერბაიჯანიდან მოწოდებული ბუნებრივი გაზის საქართველოს მომხმარებლებისათვის შეუფერხებლად მიწოდებას.