"ლეხურა-სვენეთის" 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
06 აგვისტო, 2024
საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის "ლეხურა-სვენეთის" 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვით ეტაპზეა და აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება. ამ ეტაპზე მილსადენის ტესტირება მიმდინარეობს, რაც მისი ხარისხისა და გამძლეობის შემოწმებას გულისხმობს.
გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი გაეცნენ. მათ დაათვალიერეს გაზსადენის მე-17 კილომეტრზე მშენებარე გაბიონი, რომელმაც ხევის გამაგრების ფუნქცია უნდა შეასრულოს და უხვი ნალექის მოსვლის დროს ნიადაგი მორეცხვისაგან დაიცვას, ამით კი მილის გამართული მუშაობა უზრუნველყოს. მილსადენის მთელს სიგრძეზე, ჯამში, 9 გაბიონია აშენებული, რამაც გაზსადენის უსაფრთხოების ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა.
„საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე დასახლებები ბუნებრივი აირით სწორედ „ლეხურა - სვენეთის“ გაზსადენით მარაგდება. განახლებული გაზსადენით ბუნებრივ აირს მოსახლეობა მიიღებს უწყვეტად და ხარისხიანად. გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში, ძირითადად, ადგილობრივი დასახლებების მცხოვრებლებია დასაქმებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მაგისტრალური გაზსადენის რეკონსტრუქციის მეშვეობით შესაძლებელია გაზიფიცირების სამთავრობო პროგრამაში მეტი დასახლება ჩაერთოს,“ - აღნიშნა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა.
სამშენებლო პროცესის ინსპექტირებისას, ყურადღება გამახვილდა მაგისტრალურ გაზსადენში მოწყობილი სპეციალურ საონკანო კვანძზე, რომლის მეშვეობითაც „ლეხურა - სვენეთის“ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მილსადენზე მიმდებარე სოფლების გაზგამანაწილებელი ქსელების დაერთება იქნება შესაძლებელი.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორის გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10 წლიანი სახელმწიფო გეგმის საფუძველზე მიმდინარეობს. მისი თქმით, "ლეხურა-სვენეთის" 20.5 კმ-იანი მილსადენი "ნატახტარი-ლეხურას" 31 კილომეტრიანი მონაკვეთის გაგრძელებაა, რომელიც კორპორაციამ, გასულ წელს, თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით ააშენა. „ჩვენი მიზანია, მაგისტრალური გაზსადენის სრული რეკონსტრუქცია და მისი მოყვანა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში,“ - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამშენებლო ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია მოხდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო - სამეურნეო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს.