კახეთის მაგისტრალური გაზსადენის ”რუსთავი-საგარეჯოს” 25კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

19 თებერვალი, 2014
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 25კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “კომფორტმშენ XXI“ აწარმოებს.

სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

300მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობის შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება მთლიანად კახეთის რეგიონის უწყვეტი გაზმომარაგება ე.წ. წრიული მიწოდების სისტემის გამოყენებით.


კახეთის რეგიონს საბჭოთა პერიოდში გაზი “რუსთავი-თელავის“ გაზსადენით მიეწოდებოდა. 1990-იან წლებში გაზის დანაკარგების გაზრდის გამო კახეთის გაზმომარაგება შეწყდა და დაიწყო მილების დატაცება. ამ პერიოდში მთლიანად გაიძარცვა “რუსთავი-თელავის“ გაზსადენის “რუსთავი-საგარეჯოს“ 25კმ-იანი მონაკვეთი.

კახეთის რეგიონი დღემდე ბუნებრივ აირს მხოლოდ ჟინვალის მხრიდან იღებს. ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დგას კახეთის გაზმომარაგების სისტემის სრულყოფა და მილსადენების ფუნქციონირების საიმედოობის ამაღლება.