გიორგი ჩიქოვანი და აიტენ ჰაჯიევა გარდაბნის თბოსადგურ 2-ს ესტუმრნენ
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი BP საქართველოს ხელმძღვანელთან, აიტენ ჰაჯიევასთან ერთად, გარდაბნის თბოსადგურ 2-ს ეწვია.
სტუმრებმა თბოსადგური დაათვალიერეს და მისი ფუნქციონირების პრინციპს გაეცნენ. დეტალური ინფორმაცია მიიღეს 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის მქონე გარდაბნის თბოსადგური 2-ის მუშაობის სპეციფიკის შესახებ, რომლის როლიც ქვეყნის ენერგოსტაბილურობის კუთხით, უმნიშვნელოვანესია.
კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ბრიტანული მულტინაციონალური კომპანიის საქართველოში მრავალწლიანი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ყველა იმ წარმატებას, რისი მიღწევაც BP საქართველოს უშუალო მხარდაჭერითა და ჩართულობით გახდა შესაძლებელი.
ვიზიტისას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამომავლო მიზნები და ის ნაბიჯებიც განიხილეს, რომლებიც ქვეყანას ენერგეტიკული სიძლიერისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აქვს დაგეგმილი.