ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წევრების ვიზიტი და თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
19 ოქტომბერი, 2021
სასაქონლო ბაზრების ლიბერალიზაციასა და დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წევრებთან, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მემორანდუმი, „ენერგეტიკულ გაერთიანებას“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, EBRD-ს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ (სნგკ) და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ (სგტკ) შორის 2021 წლის ივლისში გაფორმდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული მდგომარეობა, მათ შორის შპს „საქართველოს გაზის ბირჟის“ (GGEX), როგორც „სნგკ“-ს და „სგტკ“-ს შვილობილი კომპანიის, ჩამოყალიბება. კომპანია 15 ოქტომბერს დაარსდა, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოში ბუნებრივი გაზის კონკურენტული ბაზრის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმის პირველადი პროექტი, რომელიც გაზის ბირჟის ფუნქციონირების პროცესის შემდგომ ხელშეწყობასა და საკვანძო პრიორიტეტებზე ფოკუსირებას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარმომადგენლებმა გამართეს ორმხრივი სამუშაო შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“, „სნგკ“-სა და „სგტკ“-ს წარმომადგენლებთან რიგი აქტუალური საკითხების განსახილველად, რომელიც ეხებოდა ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების პროექტს, საჯარო მომსახურების ვალდებულებების სქემას, სატარიფო სისტემის გამოწვევებს და ასევე ბაზრის განვითარების სხვადასხვა საკითხს.