ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კორპორაციის 24 თანამშრომელი მადლობის სიგელით დაჯილდოვდა
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ენერგეტიკოსის დღე 2024 აღინიშნა. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა, 24 თანამშრომელი მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
ღონისძიებაზე ჩიქოვანმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. კორპორაციის თანამშრომლებს, ერთგული და დაუღალავი მუშაობისთვის, მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
გენერალურმა დირექტორმა, ერთგვარად, კორპორაციის გასული ერთი წლის საქმიანობაც შეაჯამა და კოლეგებს იმ პროექტების ვიდეო მიმოხილვა წარუდგინა, რომლებიც ბოლო წლის განმავლობაში დაიწყო, ან დასრულდა.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი ასეთ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დამსახურებული თანამშრომლების ღვაწლის მცირეოდენით დავაფასო, მთელი კორპორაციის სახელით მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო. მათ ჩვენს გვერდით არაერთი წელი გაატარეს და სხვადასხვა მიმართულებით თავიანთი მუდმივი, დაუღალავი, ერთგული შრომით ხელი შეუწყვეს კორპორაციის, ენერგეტიკული სექტორისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას.
თითოეული ის ადამიანი, რომელთაც დღეს სიმბოლურ ჯილდოს გადავცემთ, თავისი განსხვავებული პროფესიული პროფილითა და ერთნაირად მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებიან საერთო საქმეს და მიხარია, რომ მათ გვერდით მიწევს მუშაობა. თავიანთი კვალიფიკაციითა და გამოცდილებით არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით ფასდაუდებელი კადრები არიან და მადლობას ვუხდი იმისთვისაც, რომ მიუხედავად იმ მრავალი შესაძლებლობისა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, წლების განმავლობაში ექნებოდათ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის ერთგულნი დარჩნენ,“ - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
კოლეგებს პროფესიული დღე ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორებმა ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებში - ეკატერინე სისაურმა და შალვა კიკნაველიძემაც მიულოცეს.
ნავთობის მუშაკთა დღე, ტრადიციულად, სექტემბრის პირველ პარასკევს აღინიშნებოდა. დროთა განმავლობაში, კორპორაციის პროფილი გაფართოვდა და მოგვიანებით, ენერგეტიკოსის დღე დაწესდა. სწორედ ეს ორი სიმბოლური პროფესიული დღე აღინიშნა კორპორაციაში.