20 წელზე მეტი კორპორაციაში-ნავთობისა და გაზის კორპორაციის 26 თანამშრომელს მადლობის სიგელი გადაეცა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე მუშაობის ხანგრძლივი სტაჟის მქონე 26 თანამშრომელი დაჯილდოვდა.მადლობის სიგელები მათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ და ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა გადასცეს. ღონისძიება, რომელიც კორპორაციის შვილობილ კომპანიაში, გარდაბნის თბოსადგურში გაიმართა,ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღეს მიეძღვნა. რომეო მიქაუტაძემ თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სტაბილური ენერგომომარაგებისთვის მათ მიერ გაწეულ ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ყველას არ ეძლევა შესაძლებლობა თავის ქვეყანას 20 წელზე მეტი ემსახუროს. ვფიქრობ, დღევანდელი დღე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი დარწმუნდეს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მის საქმიანობას არა მხოლოდ კორპორაციისთვის, არამედ სახელმწიფოს განვითარებისთვის. თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. მინდა მეტი წარმატება გისურვოთ და გამოვთქვა იმედი, რომ თქვენს საქმეს, ასეთივე მაღალი პროფესიონალიზმით, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეასრულებთ, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ. თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციაზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა და დასძინა, რომ მათ ეს წლები კორპორაციასა და ენერგეტიკის სექტორს მიუძღვნეს.
„მოგეხსენებათ, საქარველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო კომპანიაა, რომელმაც ამ შედეგის მისაღწევად ბევრი იშრომა და ბევრი რთული დღეც გაიარა. იგი განვითარდა, უამრავ წარმატებას მიაღწია, თუმცა წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, რისთვისაც მზად ვართ. ეს ყველაფერი არ იქნებოდა, რომ არა ის ხალხი, რომელთაც დღეს ვაჯილდოებთ. რომ არა მათი პროფესიონალიზმი, გულწრფელი თანადგომა, ნდობა და საქმისადმი ერთგულება, მიზნები ვერ შესრულდებოდა. მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ბევრად მეტ დაფასებას იმსახურებთ. მადლობა ამ წლებისთვის!“ - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.