Odessa-Brody

კასპიური ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირების იდეა უკრაინაში 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. ამ მიზნით, ევროაზიური ნავთობსატრანსპორტო დერეფნის პროექტის (EAOTC)მონაწილე ქვეყნების - აზერბაიჯანის, საქართველოს, ლიტვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა 2007 წლის 11 მაისს კრაკოვში, ხოლო მინისტრებმა 5 ივნისს გდანსკში ხელი მოაწერეს კომუნიკეს, რომლითაც კასპიური ნავთობის ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვის დერეფნის შექმნას დაუჭირეს მხარი. 2003 წლის მაისში უკრაინამ, პოლონეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც მხარი დაუჭირეს კასპიური ნავთობის "ოდესა-ბროდის" მილსადენით ტრანზიტს, ასევე მის გაგრძელებას პლოცკამდე, საიდანაც ნავთობი უკვე არსებული ნავთობსადენით გდანსკამდე უნდა მისულიყო.

2007 წლის ოქტომბერში ქ. ვილნიუსში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე პოლონეთის, ლიტვის, უკრაინის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა მეთაურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, დაფუძნდა მილსადენების საერთაშორისო კომპანია შპს “სარმატია”. ამჟამად, შპს “სარმატიას” საწესდებო კაპიტალი შეადგენს 20,06 მლნ. ზლოტს. კომპანიის მეწილეები არიან SOCAR (აზერბაიჯანი), AB “Klaipedos Nafta” (ლიტვა), PERN “Przyjaźń” S.A. (პოლონეთი), „უკრტრანსნაფტა“ (უკრაინა) და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (საქართველო). სნგკ-ის წილი შპს „სარმატიაში“ ამ ეტაპზე 16,9%-ს შეადგენს.

შპს „სარმატიას“ ძირითად მიზანს სწორედ ევროაზიური ნავთობსატრანსპორტო დერეფნის პროექტის (EAOTC) რეალიზაცია წარმოადგენს.