დარგის ისტორია

მართალია, საქართველოში ნავთობის ზედაპირულ გამოვლინებებზე პირველი ცნობები ჯერ კიდევ ბერძნულ წყაროებში გვხვდება, მაგრამ ქვეყანაში ნავთობისა და გაზის მოპოვების ისტორია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. ამ პერიოდში შეიქმნა სპეციალიზირებული საწარმო "საქნავთობი," რომელიც საბადოების გამოსავლენად და ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობის განსასაზღვრად საქართველოს წიაღის შესწავლას და ბურღვით სამუშაოებს აწარმოებდა.

30-იან - 60-იან წლებში მოპოვება მიმდინარეობდა 7 მცირე ზომის საბადოზე (მირზაანი, პატარა შირაქი, სუფსა, ნორიო, საცხენისი, ტარიბანა და აღმ. ჭალადიდი) და ნავთობის წლიური მოპოვება მერყეობდა 20-55 ათასი ტონის ფარგლებში. 

ნავთობის წლიური მოპოვების პიკი 1980-1983 წლებზე მოდის, როდესაც ეს მაჩვენებელი წლიურად 3.2-3.3 მლნ. ტონას შეადგენდა.

უფრო ადრე, XIX საუკუნის დასაწყისში იწყება მაგისტრალური მილსადენების მშენებლობის ისტორია. ძმები ნობელების მიერ დაარსებული კომპანიის ინიციატივით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 883 კმ საერთო სიგრძის 8 დიუმიანი (203 მმ) დიამეტრის მილსადენი ბაქოდან ბათუმამდე, რომელიც გათვალისწინებული იყო ნავთობის მისაწოდებლად ბაქოს საწარმოებიდან ბათუმის საზღვაო პორტამდე. მილსადენი ყველაზე მასშტაბურად არის მიჩნეული იმდროინდელ მსოფლიოში.

მილსადენების მშენებლობა ფაქტიურად შეწყდა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, თუმცა ამ დროისათვის რუსეთის იმპერიაში (მაშინ აზერბაიჯანიც და საქართველოც რუსეთის იმპერიაში შედიოდნენ) უკვე ფუნქციონირებდა 1357 კმ საერთო სიგრძის მაგისტრალური მილსადენები.

ნავთობისა და გაზის მრეწველობის მნიშვნელოვან ზრდას ხელი შეუწყო დიდი დიამეტრის მილსადენების მშენებლობამ. XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს და 50-იანი წლების I ნახევარში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ყოველწლიურად 4-5 ათასი კმ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენი შენდებოდა დიამეტრით 325 მმ-დან 1420 მმ-მდე. ამ პერიოდში აშენდა ყარადაღი-თბილისის მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც ექსპლუატაციაში 1959 წლიდან შევიდა.

პირველ ეტაპზე, საქართველოში 500 მმ დიამეტრის და 50 კმ სიგრძის გაზსადენი ფუნქციონირებდა, რომელიც წითელი ხიდიდან თბილისამდე გრძელდებოდა. 1963 წელს ექსპლუატაციაში ორჯონიკიძე-თბილისის 700 მმ-იანი გაზსადენი შევიდა. ახალი გაზსადენით უკვე შესაძლებელი იყო არამარტო თბილისის, არამედ ქვეყნის გაზით მომარაგება, როგორც რუსეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან. 1967-68 წლიდან ამოქმედდა ყარადაღ-თბილისისა და ორჯონიკიძე-თბილისის პარალელური 700 და 800 მმ-იანი გაზსადენები. 1979-80 წლებიდან ფუნქციონირებს 1000 მმ-იანი ყაზახ-საგურამოს 89 კმ-იანი გაზსადენი. 1988 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ახალი, 1200 მმ-იანი გაზსადენი.

2011 წლისათვის საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის სისტემა 9 გაზსადენს მოიცავდა. მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასია, ყაზახ-საგურამო, ყარადაღ-თბილისი, ვლადიკავკაზ-თბილისი, საგურამო-ქუთაისი, ქუთაისი-სოხუმი, რუსთავი-თელავი-ჟინვალი, წითელი ხიდი-წალკა-ალასტანი და გომი-ხაშური-ბაკურიანი.

მილსადენების ოპერატორ კომპანიაში - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში 2009 წელს შეიქმნა სპეციალური მართვის ფარი, რომლის საშუალებით მაგისტრალურ გაზსადენებზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდება. მართვის ფარი რეგიონში პირველია, რომელიც მაგისტრალური გაზსადენების მართვისა და მონიტორინგის კომპიუტერიზებულ სისტემას წარმოადგენს.