საერთაშორისო პროექტები

„ტრანს-კასპიური გაზსადენის“ და „თეთრი ნაკადის“ მილსადენების პროექტები

„ტრანს-კასპიური გაზსადენის“ და „თეთრი ნაკადის“ მილსადენების პროექტების საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის No. 775 განკარგულების შესაბამისად, 2017 წლის 21 აპრილს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ შეიძინა ამ პროექტების პრომოუტერი კომპანიების („White Stream Ltd“-ი და „W-Stream Caspian Pipeline Company Ltd“-ი) 10-10 პროცენტიანი წილები. პროექტების განხორციელების შემდეგ, ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი კუბური მეტრი თურქმენული გაზი მიეწოდება ევროკავშირს კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, შავი ზღვისა და რუმინეთის გავლით.


სრულად ნახვა დახურვა

აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორი

სამხრეთის დერეფნის ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების ახალი მარშრუტის ჩამოყალიბების მიზნით 2009-2010 წლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის (АGRI-Azerbaijan-Georgia-Romania Interconnector) პროექტის რეალიზაციაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის და შავი ზღვის გავლით (გათხევადებული ფორმით) რუმინეთში და შემდგომ ევროპის ბაზარზე გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. 

2011 წლის 14 სექტემბერს, ქ. ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის და რუმინეთის პრეზიდენტებმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს პროექტის მხარდამჭერ დეკლარაციას. ამავე ღონისძიების ფარგლებში, სამივე ქვეყნის შესაბამისმა კომპანიებმა - SOCAR (აზერბაიჯანი), GOGC (საქართველო) და Romgaz (რუმინეთი) ხელი მოაწერეს აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის განმახორციელებელი ერთობლივი კომპანიის - SC AGRI LNG Project Company S.R.L. სადამფუძნებლო ხელშეკრულებას და ურთიერთგაგების მემორანდუმს პროექტის განხორციელების თაობაზე. მოგვიანებით SC AGRI LNG Project Company S.R.L.-ს შეუერთდა უნგრული კომპანია MVM. 

აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით ერთობლივი კომპანიის მიერ დაქირავებული იქნა ინგლისური საკონსულტაციო კომპანია Penspen Ltd. 2015 წლის იანვარში AGRI LNG Project Company S.R.L.–ის დირექტორთა საბჭომ მიიღო Pespen Ltd.-ის მიერ  AGRI-ს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. 

АGRI ევროკავშირის ენერგოდივერსიფიკაციისა და გაზის მიმწოდებელთა ალტერნატიული მარშრუტების შემუშავების პოლიტიკას პასუხობს. პროექტი “გაზის სამხრეთ დერეფნის” შემადგენელი ნაწილია და საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს.

 

სრულად ნახვა დახურვა

ევროაზიური ნავთობსატრანსპორტო დერეფნის პროექტი

კასპიური ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირების იდეა უკრაინაში 1990-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. ამ მიზნით, ევროაზიური ნავთობსატრანსპორტო დერეფნის პროექტის (EAOTC)მონაწილე ქვეყნების - აზერბაიჯანის, საქართველოს, ლიტვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა 2007 წლის 11 მაისს კრაკოვში, ხოლო მინისტრებმა 5 ივნისს გდანსკში ხელი მოაწერეს კომუნიკეს, რომლითაც კასპიური ნავთობის ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვის დერეფნის შექმნას დაუჭირეს მხარი. 2003 წლის მაისში უკრაინამ, პოლონეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც მხარი დაუჭირეს კასპიური ნავთობის "ოდესა-ბროდის" მილსადენით ტრანზიტს, ასევე მის გაგრძელებას პლოცკამდე, საიდანაც ნავთობი უკვე არსებული ნავთობსადენით გდანსკამდე უნდა მისულიყო. 

2007 წლის ოქტომბერში ქ. ვილნიუსში გამართულ ენერგეტიკულ სამიტზე პოლონეთის, ლიტვის, უკრაინის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათა მეთაურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, დაფუძნდა მილსადენების საერთაშორისო კომპანია შპს “სარმატია”. ამჟამად, შპს “სარმატიას” საწესდებო კაპიტალი შეადგენს 20,06 მლნ. ზლოტს. კომპანიის მეწილეები არიან SOCAR (აზერბაიჯანი), AB “Klaipedos Nafta” (ლიტვა), PERN “Przyjaźń” S.A. (პოლონეთი), „უკრტრანსნაფტა“ (უკრაინა) და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (საქართველო). სნგკ-ის წილი შპს „სარმატიაში“ ამ ეტაპზე 16,9%-ს შეადგენს. 

შპს „სარმატიას“ ძირითად მიზანს სწორედ ევროაზიური ნავთობსატრანსპორტო დერეფნის პროექტის (EAOTC) რეალიზაცია წარმოადგენს.

სრულად ნახვა დახურვა

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი

ბაქო-სუფსის მილსადენის სახელით ცნობილი დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი (WREP) საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმის მიერ განხორციელებული პირველი ინვესტიციაა საქართველოში. მილსადენის საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი, სანგაჩალის ტერმინალის გავლით, დასავლეთ საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია. აქედან, საქართველოს მონაკვეთი 375 კმ-ს შეადგენს და იგი უმეტესწილად საბჭოთა პერიოდში აშენებულ სამგორი-ბათუმის ნავთობსადენის მარშრუტს იმეორებს. ამ უკანასკნელის ძირეული რეაბილიტაცია და ახალი ნაგებობების მშენებლობა საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმმა დააფინანსა. მილსადენის მშენებლობის ფარგლებში ასევე მოხდა სუფსის ტერმინალის მშენებლობა, რომლის ტევადობაც ერთ მილიონ ბარელს აღემატება.

WREP-ის გავლით სანგაჩალიდან ნავთობი 1998 წლის დეკემბერში გამოუშვეს, 1999 წლის იანვრის პირველ კვირას კი ნავთობი საქართველოში შემოვიდა.

საქართველოს ტერიტორიაზე პროექტის მენეჯმენტს კონსორციუმის ყველაზე მსხვილი წილის მფლობელი, კომპანია BP ახორციელებს.

პროექტის პარტნიორები: BP – 34,1%, Chevron – 10,3%, SOCAR – 10%, INPEX – 10%, Statoil – 8,6%, ExxonMobil – 8%, TPAO – 6,8%, Itochu – 3,9%, Amerada Hess – 2,7%.

სრულად ნახვა დახურვა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორის ტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენის სრული სიგრძე 1768 კმ-ია. აქედან, 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე და 1076 კილომეტრი თურქეთში გადის. ნავთობსადენის დიამეტრი 42-46 დიუმია; აქვს 8 საქაჩი სადგური (2 აზერბაიჯანში, 2 საქართველოში და 4 თურქეთში).

BTC-ის მშენებლობა საქართველოში 2005 წელს დასრულდა და ოქტომბერში გარდაბანში სამი ქვეყნის პრეზიდენტმა მილსადენის საზეიმო ინაუგურაცია მოახდინა. ნავთობსადენი სრულ ექსპლუატაციაში 2006 წელს შევიდა.

მილსადენის მშენებლობა დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა. BTC "აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის" საბადოდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირებას ახდენს.

პროექტის მფლობელია საერთაშორისო კონსორციუმი BTCCo, 11 პარტნიორის შემადგენლობით. პარტნიორების სახელით კი მილსადენის მართვა ბრიტანულ BP-ს აქვს დაკისრებული. BTCCo-ს საპროექტო დაფინანსებაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და EBRD-ი მონაწილეობდა.

კონსორციუმის პარტნიორები: BP – 30,1%, AzBTC – 25%, Chevron-8,90%, Statoil – 8,71%, TPAO – 6,53%, ENI – 5%, Total – 5%, Itochu – 3,4%, INPEX – 2,5%, ConocoPhillips – 2,5%, Amerada Hess – 2,36%.

სრულად ნახვა დახურვა

სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი

სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) დანიშნულებაა, საქართველოს გავლით, შაჰ-დენიზისა და კასპიის ზღვის აუზის სხვა საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი გაზის თურქეთში ტრანზიტი, ხოლო შემდეგ, თურქეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის ტრანსპორტირების განხორციელება.

სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სიგრძე აზერბაიჯანსა და საქართველოს მონაკვეთზე 691 კმ-ს შეადგენს, საქართველოს მონაკვეთზე კი მისი სიგრძე 249 კმ-ია. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმთან ადგილობრივი გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს.

SCP-ის მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. მილსადენით საქართველომ გაზი 2007 წლის დასაწყისში მიიღო. საქართველოს ტერიტორიაზე SCP-ი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მეტწილად საერთო დერეფანში არის მოქცეული.

პროექტის ღირებულებამ 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მილსადენი კონსორციუმის საკუთრებაა, რომელშიც BP, Statoil, SOCAR, LukOil, NICO, Total და TPAO მონაწილეობენ. BP-ი პროექტის ტექნიკური, Statoil-ი კი - კომერციული ოპერატორია.

განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულებისა და სრული წარმადობით ამუშავების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 21-24 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებს.

გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო არის არა მარტო სატრანზიტო, არამედ ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ქვეყანა.  საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-მდე მოცულობა შეისყიდოს შეღავათიან ფასად. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში შეისყიდის.

პროექტის პარტნიორები: BP, SOCAR, Statoil, LukOil, NICO, Total, TPAO.

სრულად ნახვა დახურვა