პრეს - რელიზები

17 აპრილი, 2013

კორპორაციის გენერალური დირექტორი და ენერგეტიკის მინისტრი სამგორის საბადოს სართიჭალის უბანსა და ოკამის ფართობს მოინახულებენ

დღეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სამგორის საბადოს სართიჭალის უბანს მოინახულებენ, სადაც ახლადგაბურღული ჭაბურღილიდან ნავთობის მოპოვება ინდურმა ნავთობკომპანიამ ”ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯია ლიმიტედმა” დაიწყო. 

XIB სალიცენზიო ბლოკზე ჭაბურღილის ბურღვა 2013 წლის 26 იანვარს დაიწყო და 8 მარტს დასრულდა. ჭაბურღილი დახრილი პროფილითაა გაბურღლი  2450 მეტრზე. დაცდის პროცესში მიღებული იქნა უწყლო ნავთობის სტაბილური შადრევანი დებეტით 24 კუბ. მ. დღე-ღამეში. სამგორის საბადოს აღნიშნულ უბანზე ნავთობის დარჩენილი ამოსაღები მარაგები გეოლოგიური პროგნოზით შეიძლება 2,4 მლნ. ტ-დან 8,7 მლნ.ტ-მდე მერყეობდეს. 

ანალოგიურ სამუშაოებს კომპანია აწარმოებს ასევე XIB სალიცენზიო ბლოკის ფარგლებში კრწანისის საბადოზე. ამ საბადოზეც უკვე გაბურღილია ახალი ჭაბურღილი 2003 მეტრ სიღრმეზე. გახსნილია საპროექტო, შუაეოცენური ნალექები და მიმდინარეობს მათი დაცდა. კომპანია ამჟამად ასევე აწარმოებს IX სალიცენზიო ბლოკის ფარგლებში ოკამის ფართობზე პირველი ძებნითი ჭაბურღილის ბურღვას. ჭაბურღილის საპროექტო სიღრმე  3500 მ-ია, ხოლო საპროექტო ჰორიზინტი - ცარცული ნალექები. 

”ჯინდალ პეტროლიუმ ლიმიტედი” ინდური კომპანიაა, რომელიც საქართველოში შვილობილი ოფშორული კომპანია ”ჯინდალ პეტროლიუმ ჯორჯია ლიმიტედის” მეშვეობით 2009 წლიდან აწარმოებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციებს ხუთი სალიცენზიო ბლოკის (VIIA, IX, X, XIB და XIIIA) ფარგლებში. ”ჯინდალ პეტროლიუმ ჯორჯია ლიმიტედი” ხელშეკრულებებით დადგენილი მინიმალური სამუშაო პროგრამის ფარგლებში ოთხ ბლოკზე აწარმოებს ძებნა-ძიებით ოპერაციებს, ხოლო XIB ბლოკზე ძებნა-ძიებასთან ერთად ახორციელებს ნავთობისა და მომყოლი გაზის მოპოვებას.