ახალი ამბები

7 ივნისი, 2018

“გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ -ის მშენებლობისთვის აირტურბინული აგრეგატების იმპორტი განხორციელდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, 230 მგვტ სიმძლავრის  “გარდაბნის  თბოელექტროსადგურის 2“ -ის მშენებლობისთვის თბოელექტროსადგურის ძირითადი აგრეგატები საქართველოში შემოვიდა.

ფოთიდან გარდაბანში სამშენებლო მოედანზე გაზის ერთი  ტურბინის ტრანსპორტირება უკვე განხორციელდა. რაც შეეხება მეორე ტურბინას, მისი ტრანსპორტირება ამჟამად მიმდინარეობს და “გარდაბნის თბოსადგური 2“ -ის  ტერიტორიაზე 12 ივნისს იქნება.  ტვირთის დიდი გაბარიტების გამო, გაზის ტურბინების ტრასპორტირება ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს. 

“გარდაბნის თბოელექტროსადგური 2 “-ის სამშენებლო სამუშაოების აქტიური ფაზა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო, ხოლო მიმდინარე წლის 24 მაისს საქართველოში იმპორტირებული იქნა ორი ერთეული გაზის ტურბინა. სამშენებლო სამუშაოების განვითარების პარალელურად, ასევე დაგეგმილია სხვა ძირითადი აგრეგატების ეტაპობრივად საქართველოში ჩამოტანა და ინსტალაცია. 

შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შვილობილი კომპანია. სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს საერთაშორისო ფასთა გამოკითხვის პროცედურის შედეგად შერჩეული ჩინური კომპანია - China Tianchen Engineering Corporation (TCC).

 

პროექტის დასრულება იგეგმება 2019/2020 წლის ზამთრის სეზონისთვის. მშენებარე თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე, გარდაბნის პირველი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მსგავსად, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2015 წელს, შეადგენს 230 მგვტ-ს. იგი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით.