პრეს - რელიზები

16 იანვარი, 2014

გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

17 იანვარს, პარასკევს, 12:00 საათზე, გარდაბანში საპარტნიორო ფონდი, შვილობილ კომპანია - სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ ერთად გარდაბნის რაიონში უპრეცედენტო ენერგო პროექტს – გარდაბნის 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს. 

მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, თურქეთიდან მოწვეული სტუმრები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის  და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. 

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში  2015 წლის ბოლოდან შევა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ჯენერალ ელეკტრიკის“ უახლესი ტურბინებით და  ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს. დამატებით,  ქვეყნის  ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის  წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური  უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას.

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე  სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი  და უფრო ეკონომიური  იქნება. მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება, რის გამოც მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდაბნის თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს. 

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ. აშშ დოლარია. იგი ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ, ხოლო სადგურის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - ÇALIK ENERJİ ახორციელებს.