ახალი ამბები

30 მაისი, 2018

გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის “გარდაბნის თბოსადგური 2-ს“ მშენებლობა დაიწყო

გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, “გარდაბნის თბოსადგური 2-ს“  სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, შპს “გარდაბნის თბოსადგურ 2“-ს ხელმძღვანელობამ, მთავრობის წევრებმა, ჩინელმა სტუმრებმა, ენერგო-ექსპერტებმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა.

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2019- 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. მისი  სიმძლავრე 230 მგვტ-ია.

დაგეგმილ პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქართული ენერგეტიკული სისტემისა და მთლიანად ენერგო სექტორის მდგრადობისთვის. მისი წარმატებული განვითარებისთვის.

“გარდაბნის თბოსადგური 2“ მშენებელი ჩინური კომპანია, China Tianchen Engineering Corporation (TCC) - ერთერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. ნიშანდობლივია, რომ TCC-ს წარმატებული გამოცდილება გააჩნია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა დანიშნულების მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით.

კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაფინანსება მთლიანად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შიდა რესურსებით მოხდება.

სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული  ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობა საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაცია, მათი რეაბილიტაცია და ახლით შეცვლაა. კომპანია ჩართულია ელექტროენერგიის გენერაციაში, ნავთობ-გაზის ტრანსპორტირებასა და სხვა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებში, მათ შორის გაზის მიწისქვეშა საცავის განვითარებაში.  სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქტივებს სს „საპარტნიორო ფონდი" განკარგავს. სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ მინიჭებული აქვს BB- საერთაშორისო საინვესტიციო რეიტინგი.