პრეს - რელიზები

20 ივნისი, 2013

ენერგეტიკის მინისტრი და კორპორაციის გენერალური დირექტორი მაგისტრალური გაზსადენის "ქუთაისი-აბაშის" მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებენ

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან ერთად მაგისტრალური გაზსადენის "ქუთაისი-აბაშის" მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებენ. 

”ქუთაისი-აბაშის” 47კმ-იანი სიგრძის გაზსადენის მშენებლობისას საჭირო გახდა მდინარე რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა. კორპორაციამ პირველად მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობისას, მდინარე რიონზე მიწისქვეშა გადასასვლელის მოსაწყობად დახრილ მიმართველი ბურღვის მეთოდი  გამოიყენა. 550 მეტრი სიგრძის მიწისქვეშა გადასასვლელში  700 მმ მილი  გაივლის. 

სამუშაოებს ერთობლივი საწარმო ”საქმილსადენმშენი და პიი სიტ ნეფთეგაზსტროიიზოლაცია უკრაინა” აწარმოებს.

მაღალი წნევის გაზსადენის ”ქუთაისი-აბაშის” 47კმ-იანი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და სავარაუდოდ 2013 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი ხორციელდება USAID-ის ხელშეწყობით. 

გაზსადენის ”ქუთაისი-აბაშის” მონაკვეთის მშენებლობის ძირითადი მიზანია ფოთის განვითარებადი თავისუფალი სამრეწველო და შავიზღვისპირა რეკრეაციული ზონების, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისა და სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტების გარანტირებული გაზმომარაგებით უზრუნველყოფა.