პრეს - რელიზები

6 მარტი, 2014

ენერგეტიკის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და კორპორაციის გენერალური დირექტორი მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოებს მოინახულებენ

7 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოებს მოინახულებენ.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების ”რუსთავი-საგარეჯოს” 25კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს “კომფორტმშენ XXI“ აწარმოებს.

300 მმ-იანი დიამეტრის გაზსადენის  მონაკვეთის მშენებლობის შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება მთლიანად კახეთის რეგიონის უწყვეტი გაზმომარაგება ე.წ. წრიული მიწოდების სისტემის გამოყენებით. პროექტის ღირებულებაა 5 194 207 ლარი. სამუშაოების დასრულება  მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

კახეთის რეგიონს საბჭოთა პერიოდში გაზი “რუსთავი-თელავის“ გაზსადენით მიეწოდებოდა. 1990-იან წლებში გაზის დანაკარგების გაზრდის გამო კახეთის გაზმომარაგება შეწყდა და დაიწყო მილების დატაცება. ამ პერიოდში მთლიანად გაიძარცვა “რუსთავი-თელავის“ გაზსადენის “რუსთავი-საგარეჯოს“ 25კმ-იანი მონაკვეთი. კახეთის რეგიონი დღემდე ბუნებრივ აირს მხოლოდ ჟინვალის მხრიდან იღებს. ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დგას კახეთის გაზმომარაგების სისტემის სრულყოფა და მილსადენების ფუნქციონირების საიმედოობის ამაღლება.