პრეს - რელიზები

29 აპრილი, 2014

ენერგეტიკის მინისტრი, კორპორაციის გენერალური დირექტორი და USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი მაგისტრალური გაზსადენი „გორი-ქარელის“ მონაკვეთის მშენებლობის გახსნას დაესწრებიან

30 აპრილს, 15:45 საათზე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სტეფან ჰეიკინი აღმოსავლეთ-დასავლეთის   რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში  მაგისტრალური გაზსადენი „გორი-ქარელის“ 700მმ დიამეტრის 20 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის გახსნას დაესწრებიან.

პროექტის მშენებლობას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს. მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული  თურქული კომპანია AHM ENERGY GAS HEATING SYSTEMS CONSTRUCTION INDUSTRY. TIC. LTD. STI აწარმოებს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის  რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საერთაშორისო ტენდერები 2013 წლის ივლისში გამოაცხადა.

გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების დასრულება  2014 წლის ოქტომბრისათვისაა დაგეგმილი.

„გორი-ქარელის“ 20 კმ-იანი მონკვეთის მშენებლობის კონტრაქტის ღირებულება 3 889 692,24 აშშ დოლარია.  აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ორი მონაკვეთის “გორი-ქარელის“  და  “ზესტაფონი-ქუთაისის“  მშენებლობისთვის მასალების შესყიდვა ერთი ტენდერის ფარგლებში განხორციელდა და მასალების ღირებულება 8 686 787,30 აშშ დოლარი შეადგენს.

პროექტი საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის 2010 წელს დახმარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში USAID-ის ხელშეწყობით ხორციელდება. USAID-მა ”ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის 78 მლნ. აშშ დოლარი გამოუყო. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიზრდება საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის დასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500მმ-იანი დიამეტრის მილსადენი 700მმ-იანით ჩანაცვლდება.

”ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის” პირველი სამი ფაზის ფარგლებში უკვე განხორციელდა „სენაკი-ფოთის“ 30 კმ-იანი, ”აბაშა-სენაკის” 29 კმ-იანი და ”ქუთაისი-აბაშის” 47 კმ-იანი სიგრძის მაღალი წნევის გაზსადენის მონაკვეთების მშენებლობა.

USAID-ის მიერ დაფინანსებული ”საქართველოს გაზის და ენერგოინფრასტრუქტურის” პროგრამის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას  მოახდინოს ცვლილებები გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას.