ნავთობის ტრანსპორტირება

საქართველოში ნავთობის ტრანსპორტირება ორი ნავთობსადენით - ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP) ხორცილედება.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს აზერბაიჯანში აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოზე მოპოვებული ნავთობი თურქეთში, ჯეიჰანის პორტში გადააქვს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მსოფლიოში სიგრძით მეორე მილსადენია. მისი სიგრძეა 1768 კმ; აქედან 229 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. მილსადენს აქვს 8 სატუმბო სადგური, მათ შორის ორი საქართველოში.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 2005 წელს დაიწყო.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სახელითაა ცნობილი, საერთაშორიოსო ნავთობ-კონსორციუმის მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი ინვესტიციაა და 1999 წლიდან ფუნქციონირებს.

დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, დიამეტრი - 530 მმ. მისი საშუალებით აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირება ხორციელდება.

მილსადენის მშენებლობის ფარგლებში ასევე მოხდა სუფსის ტერმინალის მშენებლობა. სუფსის ტერმინალის ტევადობა 120 000 ტონაა.

WREP-ის მეშვეობით სანგაჩალის ტერმინალიდან ნავთობი 1998 წლის დეკემბერში გამოუშვეს, 1999 წლის ზაფხულში კი სუფსის ტერმინალში პირველი ტანკერი დაიტვირთა.