ნავთობის მოპოვება

საქართველოში ნავთობის მოპოვება XX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. მოპოვება  XX საუკუნის 70-ან წლებამდე მიმდინარეობდა შვიდი მცირე ზომის საბადოზე (მირზაანი, პატარა შირაქი, სუფსა, ნორიო, საცხენისი, ტარიბანა და აღმ. ჭალადიდი) და წლიურად, საშუალოდ, 20-55 ათას ტონას შეადგენდა. შემდეგ აღმოჩენილი იქნა მაღალდებიტიანი საბადოები თბილისისპირა რაიონში (სამგორი-პატარძეული-ნინოწმინდა, სამგორის სამხრეთ თაღი, თელეთი) და წლიურმა მოპოვებამ - 3 მლნ.ტ-ს გადააჭარბა.

ამჟამად საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ფართობებად (ე.წ. ბლოკები), სადაც ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს, სხვადასხვა დროს, საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული ინვესტორი კომპანიები ახორციელებენ. მათ სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, როგორც ნავთობის ეროვნული კომპანია, პარტნიორობას უწევს კომპანიებს ოპერაციების დაგეგმვაში და ახორციელებს საქმიანობის მონიტორინგს და კონტროლს. 

საქართველოში ნავთობის მოპოვებით საქმიანობას ამჟამად 5 ინვესტორი კომპანია ახორციელებს - ”ბლეკ ოილ ენდ გეზი”, ”ჯინდალ პეტროლიუმ (ჯორჯია) ლიმიტედი”, ”ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია”, ”ჯორჯია ოილ ენდ გეზი” და „ვი-პი ჯორჯია“, ხოლო დანარჩენი 7 ინვესტორი კომპანია - „სტრეიტ ოილ ენდ გეზი“, „ელენილტო“, „ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმი“, ”მარექსინი”, ”სტრეიტ (აჭარა)”, ”ტრანს ატლანტიკი”, ”საქართველოს ნავთობის კონსორციუმი” აწარმოებენ მხოლოდ  ძებნა-ძიებით სამუშაოებს. 

საქართველოში წიაღისეულის მოპოვების დაწყებიდან მოპოვებულია საშუალოდ 27.7 მლნ ტონა ნავთობი. ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალო წლიური მოპოვება 70,6 ათასი ტონაა.